საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზის" მეშვეობით „დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში საქართველოს ორი მოქალაქის, რემიკო და მურთაზ ჭითანავების დაკავების შესახებ. დე ფაქტო უწყების ცნობით, მათ "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ" და სხვებს ეხმარებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში. "დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია ხელყუმბარა F1, ხელყუმბარა ргд 5, ტროტილი 1600 გრ, პლასტიდი 45 გრ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში. ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა დე ფაქტო უწყებამ განცხადებასთან ერთად გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც ასევე ასახულია რუსეთის ორი მოქალაქე, "რომლებიც აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდნენ". ვიდეოში მათთან ერთად ჩანს კიდევ ერთი დაკავებული, დე ფაქტო უწყების ცნობით, მოქალაქეობის არმქონე არჩილ სექანია. "დმიტრი დენისოვს და ალექსანდ ლუზენინს საზღვარზე გადასვლაში ეხმარებოდა 45 წლის არჩილ სექანია. მანამდე რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით შევიდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. სუსის თანახმად, უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით." "საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან...