ერევანში ბელარუსის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ბელარუსის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას და მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. ბოლოს საელჩოს შენობას კვერცხები, პომიდვრები და კარტოფილები ესროლეს. აქციის მიზეზი, როგორც სომხური მედია იტყობინება, იყო ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ სომხეთის შესახებ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. 20 აგვისტოს ტელეარხ „როსიასთან“ ინტერვიუში მან თქვა: „ჩვენ გარდა ვის სჭირდება სომხები? ისინი არავის არ სჭირდება. განავითარონ საკუთარი ეკონომიკა და იმაზე აიღონ ორიენტაცია, რაც აქვთ. რა საფრანგეთი, რა მაკრონი? ხვალ აღარ იქნება მაკრონი და ყველა დაივიწყებს ამ სომხეთს“. საელჩოს შენობასთან მიტინგის ორგანიზატორები არიან მხარდამჭერები პარტიისა „რესპუბლიკის სახელით“, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელი არმან ბაბაჯანიანი. მათ მოამზადეს განცხადება ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნით. გარდა პარტიისა „რესპუბლიკის სახელით“, მას ასევე ხელი მოაწერეს პარტია „რესპუბლიკისა“ და ევროპული პარტიის წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლის ევროპა“, „თავისუფალი მოქალაქე“ და კლუბმა „ასპარეზი“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა თავის გამონათქვამებში ამცირებს სომხურ მხარეს. თებერვალში მან კომენტარი გააკეთა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) სომხეთის მონაწილეობის შეჩერებაზე: „ОДКБ არ დაიშლება სომხეთის გარეშე“. მაისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს აზერბაიჯანის „განმათავისუფლებელი ომი“ უწოდა. ამის შემდეგ ერევანმა მინსკიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არც ის და არც სხვა სომეხი ოფიციალური პირები აღარ გაემგზავრებიან ბელარუსში, სანამ მას ლუკაშენკა უდგას სათავეში. ...