უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით 21 აგვისტოს განხორციელებული შეტევის სამიზნეები იყო რადიოკავშირის ცენტრი, აეროპორტი და საავიაციო ბაზა. ბუდანოვმა გამოცემა The War Zone-ს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს მოსკოვის აეროპორტ „ოსტაფიევოს“, როსტოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა „მილეროვოს“ და რადიოკავშირის ცენტრს, რომლის ადგილმდებარეობა ბუდანოვს არ დაუკონკრეტებია. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოპერაციისთვის 50-მდე დრონი გამოიყენეს. ბუდანოვის თანახმად, რუსეთისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი დაზუსტების ეტაპზეა. ამასთან, როგორც გამოცემა The War Zone წერს, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს(NASA) ხანძრების მონაცემთა სისტემას ოსტაფიევოსა და მილეროვოში ხანძრები არ დაუფიქსირებია. როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოსთან რუსეთის არმიის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ოსტაფიევოში განთავსებულია ფედერალური დანიშნულების სახელმწიფო ბიზნეს-აეროპორტი და თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში არსებული სამხედრო აეროდრომი. ოსტაფიევოს ბიზნეს-აეროპორტს იყენებს რუსული ენერგოკორპორაცია „გაზპრომის“ ავიაკომპანია „გაზპრომ ავიაც“. ასევე ნახეთ მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის „მასშტაბური მცდელობა“ იყო ოსტაფიევო მდებარეობს მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკის მახლობლად. 21 აგვისტოს, დილით მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკში ჩამოაგდეს უკრაინული საფრენი აპარატები და აღკვეთეს მოსკოვზე შეტევის „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე გაანადგურეს 45 უკრაინული დრონი, მათ შორის 11 მოსკოვის ოლქში. რეგიონების ჩამონათვალში როსტოვის ოლქი არ ყოფილა. არც მოსკოვის მერს და არც თავდაცვის სამინისტროს დრონებით შეტევის ან მათი მოგერიების შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ არაფერი არ უთქვამთ. ...