ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ეს ინდოეთის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია კიევში ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. გარდა ამისა, ვიზიტი ემთხვევა უკრაინის ეროვნული დროშისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს. Bloomberg-ის თანახმად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე იქნება და სულ რამდენიმე საათს გასტანს. „მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, გავაგრძელო წინა საუბრები პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და აზრთა გაცვლა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტების ბუნებრივი გაგრძელება და ხელს შეუწყობს უახლოეს წლებში უფრო ძლიერი და დინამიკური ურთიერთობებისთვის საფუძვლის შექმნას“, - ციტირებს NDTV ინდოეთის პრემიერ-მინისტრს. ინდოეთის პრემიერი თვე-ნახევრის წინ მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები საკმაოდ უხეშად გამოეხმაურნენ მოდის მოსკოვში ვიზიტს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8-9 ივლისს მოდის პუტინთან შეხვედრას უწოდა „უზარმაზარი იმედგაცრუება“ და "ძლიერი დარტყმა სამშვიდობო ძალისხმევაზე" და თქვა, რომ " სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ გადაეხვია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან ბოროტმოქმედს". მოსკოვში მოდისა და პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის სარაკეტო თავდასხმა მოხდა კიევში ბავშვთა ჰოსპიტალზე. სულ კიევზე იერიშს 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყო ოთხი ბავშვი. მოდიმ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომი ვერ იქნება პრობლემის გადაჭრის გზა. მანვე თქვა, რომ პუტინის რეზიდენციაში მოლაპარაკებების დროს უკრაინის თემაზე „ღიად“ გაცვალეს მოსაზრებები და მოლაპარაკებების შედეგად „ძალიან საინტერესო იდეები წარმოიშვა“. ისინი მოდის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ "ოპტიმიზმს გრძნობდა" პუტინის მოსმენისას და რომ ორივე მხარე შეთანხმდა "მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარების" აუცილებლობაზე. პუტინმა ახლახან გამოკვეთა რუსეთის პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - ეს არის უკრაინის უარი თავისი ტერიტორიების ნაწილსა და ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები გავლენ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. როგორც Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ინდოეთი დათანხმდა გადაეცა უკრაინის პრეზიდენტისთვის რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი, თუმცა მოდიმ გამორიცხა შუამავლობის როლის შე...