დეტალების გასაჯაროებისგან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქალაქ ფლენსბურგის საგამოძიებო უწყება თავს იკავებს. პოლიციის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით ვრცელ სტატიას გერმანული "BILD-ი" აქვეყნებს. ირკვევა, რომ სადაზვერვო დრონმა მიმდინარე თვის განმავლობაში ფრენისთვის აკრძალული ზონა რამდენჯერმე დაარღვია. საფრენი აპარატების წარმომავლობა ოფიციალურად დადასტურებული ამ დრომდე არ არის. მაგრამ გერმანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საუბარია რუსული წარმოების "Orlan-10-ის" ტიპის სადაზვერვო დრონებზე. მათი მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრამდე აღწევს, საშუალო სიჩქარე კი საათში 100 კილომეტრია. გამომძიებლების ვარაუდით, საჰაერო ობიექტის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ექსპლუატაციიდან გამოსული 806-მეგავატიანი ატომური ელექტროსადგური, ქიმიური ქარხნები და გათხიერებული გაზის ტერმინალი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალური მხარის ქალაქ ბრუნსბიუტელში. ტერიტორია, რომელზეც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა განთავსებული, საკმაოდ ახლოსაა ჩრდილოეთის ზღვასთან. გამოცემების, "Der Spiegel-ისა" და "BILD-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სადაზვერვო დრონები სწორედ ჩრდილოეთის ზღვის აკვატორიიდან, სამოქალაქო ხომალდებიდან გაუშვეს. უპილოტო საფრენი აპარატების უკანასკნელი გადაფრენა 22 აგვისტოს დაფიქსირდა. შლეზვიგ-ჰოლშტაინის პოლიციის ქვედანაყოფების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. წარუმატებელი დივერსია თუ ცრუ განგაში გერმანიის სამხედრო ბაზებზე? უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უკვე კვირაზე მეტია მოქმედებს გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე ქვეყნის დასავლეთით. მიმდინარეობს გარე, შიდა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურის დეტალური შემოწმება, გაძლიერებულია პატრულირება, განსაკუთრებით ღამის საათებში. გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიიღო. ასევე ნახეთ ნატომ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები გერმანიაში, AWACS-ის ბაზაზე 14 აგვისტოს კიოლნის რაიონში მდებარე სამხედრო ავიაბაზის ღობეში ხვრელი აღმოაჩინეს. ეს სამხედროების სასმელი წყლით უზრუნველყოფის ავტონომიური რეზერვუარების უშუალო სიახლოვეს მოხდა. ამუშავდა განგაშის სიგნალი. ადგილზე მისულმა სამხედროებმა შენიშნეს უცხო პირი, რომელიც ტერიტორიიდან მიიმალა. გაჩნდა ეჭვი, რომ დივერსანტი სასმელი წყლის მოწამვლას ცდილობდა. იმავე დღეს, ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ნატოს ავიაბაზაზე გაილენკირხენში, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სადაზვერვო თვითმფრინავებია განლაგებული. აქაც, კიოლნის მსგავსად, წყლის სისტემების სიახლოვეს, ღობეში, ხვრელს მიაგნეს. 15 აგვისტოს, საღამოს საათებში, შეტყობინება ღობის მთლიანობის დარღვევის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში მეხერნიხ...