გერმანიაში დაიწყო გამოძიება, რიკო კრიგერის საქმეზე, რომელიც ახლახან გათავისუფლდა დასავლეთსა და რუსეთს, ასევე ბელარუსს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად. გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი ეჭვმიტანილია ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობის მომზადებაში, იტყობინება Welt am Sonntag-ი. გაზეთის ინფორმაცია დაადასტურა ფედერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კრიგერი ბელარუსში დააპატიმრეს შარშან ოქტომბერში. ქვეყანაში ის ტურისტად ჩავიდა. გამოძიების თანახმად, კრიგერი უკრაინის არმიაში იბრძოდა და უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით სამხედრო ტექნიკის ფოტოგრაფიებს იღება. როგორც გამოძიება ამტკიცებს, 5 ოქტომბერს, მან მინსკთან რკინიგზა ააფეთქა. რიკო კრიგერს ბელარუსში სიკვდილი მიუსაჯეს სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობის, ტერორიზმის და აფეთქების მზადების ეჭვის გამო. ის შემდეგ ოლიაქსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა და ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც გაცვალეს დასავლეთში დაპატიმრებულ პირებზე, სხვათა შორის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელ, ეფესბეს ოფიცერ ვადიმ კრასიკოვზე. კრიგერმა Welt am Sonntag-თან საუბარში დაადასტურა, რომ ბელორუსის ტყეში პირადად მოათავსა ზურგჩანთა, რომელიც მას უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. კრიგერის თქმით, მან არ იცოდა, რომ მასში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო და ის აფეთქებას არ ამზადებდა. კრიგერი, რომელიც ადრე სასწრაფო დახმარების სანიტრად მუშაობდა, უარყოფს ყველა ბრალდებას. ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები? ...