როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ზავრაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აგვისტოს დასაწყისში სოფელ ჩალაუბანში ცოფი დაუდგინდა ერთ-ერთ შინაურ ძაღლს და მის შვიდ ლეკვს. ყველა დაიხოცა, რის შემდეგაც ცხოველების მართვის ცენტრში ორი სოფლიდან: მელაანიდან და ჩალაუბნიდან 90-მდე ძაღლი გადაიყვანეს. კახეთის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ცენტრი „ცენტრში მოყვანილი ძაღლების ნაწილი შემხებლობაში იყო იმ ცხოველებთან, რომლებსაც ცოფი დაუდგინდათ. შემოყვანილ ძაღლებს გაუკეთდათ შესაბამისი ვაქცინა. რამდენიმედღიანი ინტერვალით, ვაქცინირებული ძაღლებიდან ექვსი ძაღლი მოკვდა. ითვლება, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ცოფი“,, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცოფის პირველივე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მელაანსა და ჩალაუბანში 800-მდე შინაური ცხოველი აცრეს - ძაღლებისა და კატების დიდი ნაწილი, უმეტესობა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მათი საცხოვრებელი სივრცეები . „ჩვენი სპეციალისტები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მდგომარეობა სტაბილური იყო და ახალი შემთხვევები აღარ გამოვლინდება, კარანტინის რეჟიმი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება“, - ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მონაცემებით, პროფილაქტიკის მიზნით, ცოფით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფ 21 ადამიანს უკეთდება ანტირაბიული ვაქცინა. მედიკოსების ინფორმაციით, ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ...