გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქალაქ გაილენკირხენში ნატოს ბაზაზე პარასკევს განგაშის დონის დროებითი მომატება უკავშირდებოდა რუსეთის მხრიდან დივერსიის საფრთხეს. ამის შესახებ სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო dpa. ამ ცნობების თანახმად, საფრთხე უკავშირდებოდა, სავარაუდოდ, რუსეთის დრონს, რომელიც ნატოს ავიაბაზის სიახლოვეს შეამჩნიეს. ამ ბაზაზე განთავსებულია ნატოს საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემის (AWACS-ი) დაცვის და დაზვერვის თვითმფრინავები. განგაშის დონე 24 საათის განმავლობაში იყო მომატებული. ავიაბაზის წარმომადგენლის თქმით, საქმე ეხებოდა ზომებს, რომლებიც ემსახურებოდა პერსონალის უსაფრთხოების გაძლიერებას. ავიაბაზის თანამშრომლები, რომლებიც ყველაზე გადაუდებელ ოპერაციებში არ მონაწილეობდნენ, სახლებში გაგზავნეს. თუმცა ფრენები გეგმის თანახმად ხორციელდებოდა - იუწყება ავიაბაზა. გაილენკირხენში დისლოცირებული საგანგებო თვითმფრინავები გამოიყენება ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე დაკვირვების მიზნით. თვითმფრინავები აღჭურვილია რადარის სისტემით, რომელიც მფრინავ ობიექტებს 400 კილომეტრის დისტანციაზე აღიქვამს. გაილენკირხენის ბაზაზე 1600-მდე ადამიანი მუშაობს. ასევე ნახეთ ნატომ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები გერმანიაში, AWACS-ის ბაზაზე ...