იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევა ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ "სრულებით მიუღებელია", განაცხადა 27 აგვისტოს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა. მანამდე იაპონიამ პროტესტის ნიშნად ელჩი გამოიხმო ჩინეთიდან. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. „საჰაერო სივრცის დარღვევა იყო არა მხოლოდ იაპონიის სუვერენიტეტის დარღვევა, არამედ ასევე საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რაც სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვებით, იაპონიის მთავრობა განაგრძობს ჩინეთის მზარდ სამხედრო აქტივობაზე დაკვირვებას და მზად იქნება საჰაერო სივრცის ნებისმიერი დარღვევისთვის. ჰაიაშიმ უარი განაცხადა ესაუბრა ჩინეთსა და იაპონიას შორის მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების დეტალებზე. იაპონია აცხადებს, რომ ჩინური მზვერავი თვითმფრინავი Y-9 იაპონიის კუნძულ დანჯოს თავზე ორშაბათს დილით დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ჰაიაში ამბობს, ეს იყო ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის მხრიდან იაპონიის საჰაერო სივრცე მანამდე ორჯერ დარღვეულა, 2021 და 2017 წლებში - ჩინეთის სახელმწიფო ოკეანოლოგიის ადმინისტრაციის თვითმფრინავისა და სანაპირო დაცვის დრონის მიერ. ...