რუსული წყაროები იუწყებიან უკრაინელი სამხედროების მიერ ბელგოროდის ოლქში შეღწევის მცდელობის შესახებ. ამის თაობაზე, კერძოდ, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მან ვითარებას „რთული, მაგრამ კონტროლირებადი“ უწოდა თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. რამდენიმე რუსული ტელეგრამის არხი წერდა დილის ბრძოლის შესახებ რუსეთის სოფელ ნეხოტეევკის მახლობლად მდებარე სასაზღვრო პუნქტსა და შებეკინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კილომეტრით არიან დაშორებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუს მესაზღვრეებთან ბრძოლაში ჩაება უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო მოსამსახურე 8 ჯავშანმანქანის მხარდაჭერით. უკრაინულ მხარეს ეს არ დაუდასტურებია, არ მოიპოვება არც ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება. ასევე ნახეთ "ატომური ბომბის ეფექტი საინფორმაციო ფრონტზე" - რას ამბობს "სიტუაცია" კურსკში რუსეთის წითელ ხაზებზე უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის რუს მოხალისეთა ბატალიონები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე შეიჭრნენ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. მეზობელ კურსკის ოლქში აგვისტოს დასაწყისიდან გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა, რომელმაც ათეულობით დასახლებაზე დაამყარა კონტროლი. ორივე რეგიონში მოქმედებს ანტიტერორისტული ოპერაციისა და ფედერალური მასშტაბის საგანგებო ვითარების რეჟიმები. იერიშის მოსაგერიებლად თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური შტაბი შექმნა. გარდა ამისა, შეიქმნა ჯარების ცალკეული დაჯგუფებები „ბელგოროდი“, „ბრიანსკი“ და „კურსკი“. ...