მომავალ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიაწვდის რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას. ამის შესახებ მან სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გეგმა ასევე წარედგინებათ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს. გეგმა მოიცავს ოთხ მიმართულებას, თქვა ზელენსკიმ. მათ შორის ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის ოლქში. „ეს შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გეგმაა“, - თქვა მან. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შეტევამ ხელი შეუშალა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების ოკუპაციას. გარდა ამისა, გეგმაში აღნიშნულია „უკრაინის როლის კონსოლიდაცია გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიულ სტრუქტურაში“, „რუსეთის მძლავრი იძულება, ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს“ და უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაცია. ასევე ნახეთ ზელენსკის თქმით, უკრაინამ წარმატებით გამოცადა ახალი ბალისტიკური რაკეტა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგმის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე და კონკრეტულად ქვეყნის პრეზიდენტზე. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა უკრაინა საჭირო რესურსებს და რამდენად თავისუფლად შეძლებს მათ განკარგვას. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას რაიმე მოლაპარაკების ფარგლებში. „პუტინთან კომპრომისები კი არა, კაცმა რომ თქვას, პუტინთან დღესდღეობით დიალოგი... არის ცარიელი, უშინაარსო. რადგან მას არ სურს, რომ ომი დიპლომატიურად დასრულდეს. თითქოს მზად არის დიპლომატიური [გადაჭრისთვის], მაგრამ ამავე დროს მისთვის ჩვენი მიწის 30%-ის მიცემაა საჭირო. ვფიქრობ, მისთვის ამაში ხელის შეწყობა არ შეიძლება“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე ნახეთ Politico: უკრაინა აშშ-ს წარუდგენს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების სიას ...