უკრაინა აშშ-ს წარუდგენს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ობიექტების სიას, რომლებზე დარტყმასაც გეგმავს ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, თუკი ვაშინგტონი კიევს მოუხსნის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს. ამის შესახებ Politico იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა აცხადებს, რომ სია ხელს შეუწყობს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას, დააჩქარებს საბრძოლო მასალის მიწოდებას და ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. Politico-ს წყაროები აღნიშნავენ, რომ შესაძლო იერიშებისთვის ობიექტების სიას მიმდინარე კვირაში წარადგენენ ვაშინგტონში უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი ერმაკი. ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს მიაწვდის რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას ამასთან, თეთრი სახლი კვლავაც შიშობს, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების მიყენების უფლების მიცემამ შესაძლოა კრემლს კიდევ უფრო აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგოს, ნათქვამია პუბლიკაციაში. ამჟამად უკრაინას უფლება აქვს, გარკვეული რადიუსის ფარგლებში იმოქმედოს რუსეთის არმიის იერიშის აღსაკვეთად. გამოცემა ასევე ყურადღებას აქცევს იმას, რომ აშშ-ს უკიდურესად შეზღუდული მარაგები აქვს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტებისა, რომელთა გაგზავნაც იქნებოდა შესაძლებელი კიევისთვის. ...