როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის თანახმად, ნავთობბაზაზე ხანძარს წინ უსწრებდა ოლქში ოთხი უკრაინული დრონის ჩამოგდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძრის გაჩენასთან ერთად მოქალაქეებმა კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაიგონეს. ამასთან, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი თავის ტელეგრამის არხზე წერს ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაციაზე მას შემდეგ, რაც „ფეთქებადსაშიშ ობიექტთან“ ორი დრონი ჩამოადგეს. "უპილოტოს ფრაგმენტების ჩამოცვენამ ფეთქებადსაშიში ობიექტის სიახლოვეს ხანძარი გამოიწვია, დეტონაცია არ ყოფილა", - წერს გუსევი და ამატებს, რომ ოპერატიულმა ჯგუფმა ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო არხი ASTRA ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ხუტორ მალაია-მეჟენკაში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე. მიმდინარე კვირაში რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის 15 რეგიონზე. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. „ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურების სურვილი რუსებს მათი ინფრასტრუქტურისთვის ძვირად დაუჯდებათ", - დაწერა ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა. ...