უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებულმა იერიშმა 28 აგვისტოს, დილით, ხანძარი გამოიწვია ნავთობის საცავში, რუსეთის როსტოვის რეგიონში - ტელეგრამით იუწყება რეგიონის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი. ამავე პლატფორმით მანამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ცეცხლის გაჩენამდე მძლავრი აფეთქება მოხდა საცავში, რომელიც მდებარეობს სოფელ მოლოდიოჟნისთან ახლოს, როსტოვის კამენსკის რაიონში. გოლუბევის თქმით, მსხვერპლი არ არის და ხანძარს საგანგებო ვითარებათა უწყების ძალები აქრობენ. "ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ არის", - წერს გუბერნატორი. გოლუბევი მანამდე წერდა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების სისტემებმა ოთხი დრონი ჩამოაგდეს რეგიონის თავზე. ტელეგრამის არხი Baza, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, ამბობს, რომ საცავში სამ ტანკერს ცეცხლი ორი დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად გაუჩნდა. ტელეგრამით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც სიბნელეში თითქოს ასახავს დიდი ზომის ცეცხლმოკიდებულ ტანკერებს. უკრაინას ამ ცნობებზე განცხადება არ გაუვრცელებია. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. ასევე ნახეთ ომსკში, რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა ...