რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას დონეცკის ოლქში და ბოლო დღეებში პოკროვსკის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციალურ ქსელებში არსებული ფოტო- და ვიდეო მასალებისა და შეტყობინებების გეოლოკაციაზე დაყრდნობით. რუსი სამხედრო ბლოგერებიც და უკრაინული წყაროებიც აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ჯარების წინსვლის ტემპი გაიზარდა და მათ მოახერხეს რამდენიმე დასახლების დაკავება ქალაქ პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დონეცკის დასავლეთით მდებარე პოკროვსკი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ სახიფათო რაიონებში ევაკუაციის გაფართოება და პოკროვსკში 20-საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქალაქი ნოვოგროდოვკა, სადაც ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იყო, თითქმის მთლიანად მოექცა რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაწყებულია მეზობელ ქალაქ სელიდოვოზე იერიში. რუსეთის ჯარებს პოკროვსკიდან პირდაპირი ხაზით დაახლოებით 10 კილომეტრი აშორებთ. უკრაინულმა პროექტმა DeepState-მა განაცხადა, რომ სამშაბათს რუსეთის ჯარებმა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფლები კალინოვო და მემრიკი დაიკავეს. რუსი სამხედროების წინსვლა ასევე აღინიშნება დონეცკის ოლქის სხვა რაიონებში - ტორეცკის მახლობლად და უგლედართან. ასევე ნახეთ რას წარმოადგენს უკრაინული რაკეტა-დრონი "პალიანიცა", რომელზეც ზელენსკი დიდ იმედებს ამყარებს? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ადრე აღიარა, რომ რუსეთის სარდლობას ჯერ არ გადაუყვანია ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა პოკროვსკიდან კურსკის ოლქში, სადაც, პირიქით, უკრაინის ჯარები მიიწევენ წინ. ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ ილაპარაკა დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის კონტროლის შესახებ, როგორც ომის ერთ-ერთ მიზანზე (რუსეთის ხელისუფლება მას რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ უწოდებს). შემოსევიდან ორნახევარ წელიწადში რუსმა სამხედროებმა მოახერხეს, მძიმე ბრძოლების შემდეგ დაეპყროთ რამდენიმე დიდი ქალაქი - მარიუპოლი, ბახმუტი, ავდეევკა. თუმცა, რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. ...