ხუთშაბათს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ამერიკულ მედიას პირველი ინტერვიუ მისცა. CNN-თან ინტერვიუში ჰარისმა ყურადღება გაამახვილა იმ თეზისებზე, რომლებიც ერთი კვირის წინა დასრულებული, დემოკრატიული პარტიის კონვენციის დროს, საჯაროდ გააჟღერა. პირველ შეკითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს პირველ დღეებში, თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში,-ჰარისმა უპასუხა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება საშუალო კლასის გაძლიერება და მხარდაჭერა. "ვფიქრობ, რომ ხალხი მზად არის წინსვლისთვის", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჰარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკისადმი ერთგულება, მათ შორის გამოყო საიმიგრაციო რეფორმის აუცილებლობა და ისრაელისადმი მხარდაჭერის გაგრძელება. მან ტელემაყურებელს შეახსენა, რომ ოთხ წელიწადში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიაღწია ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტიციებს შეერთებულ შტატებში თანამედროვე საწარმოო ობიექტების შექმნის, "მწვანე ინდუსტრიის" განვითარებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით. კამალა ჰარისი, დემოკრატთა პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად გამოცხადებიდან ხუთი კვირის განმავლობაში ამბობდა უარს მედია საშუალებებთან ინტერვიუზე, რასაც რესპუბლიკელთა მხრიდან კრიტიკა მოყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ თითქოს დემოკრატები არ აძლევენ ამომრჩეველს საშუალებას პრესასთან პირდაპირ კომუნიკაციაში ნახონ მათი კანდიდატი . ინტერვიუს შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა აღნიშნა, რომ 16 წუთში ჰარისმა არაფერი თქვა შეერთებულ შტატებში დანაშაულის კრიზისის შესახებ, რომ მან მხოლოდ 2 წუთი და 25 წამი დაუთმო ეკონომიკის და 2 წუთი და 26 წამი იმიგრაციის საკითხებს. ასევე ნახეთ ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში კლებულობს ტრამპის უპირატესობა ჰარისთან შედარებით - Reuters/Ipsos ...