30 აგვისტოს რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. რუსმა სამხედროებმა, გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს კორექტირებადი საჰაერო ბომბები. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ ქალაქზე სულ ხუთი დარტყმა განხორციელდა. სამრეწველო რაიონში ბომბი მოხვდა 12-სართულიან საცხოვრებელ სახლს. შენობა ნაწილობრივ დაინგრა, გაჩნდა ხანძარი. ცნობილია, რომ დაღუპულია სახლის, სულ ცოტა, ოთხი მცხოვრები. გავრცელებული ინფორმაციით, სახლის ზედა - დაზიანებულ სართულებზე შესაძლოა, დარჩენილი არიან ადამიანები. არსებობს სახლის ჩამონგრევის საფრთხე. ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონში თავდასხმის შედეგად დაიღუპა გოგონა, რომელიც საბავშვო მოედანზე თამაშობდა. დაშავებულთა რაოდენობამ ხარკოვში 40-ს მიაღწია. სინეგუბოვის თქმით, მათგან დაახლოებით 20 - მძიმე მდგომარეობაშია. "რუსეთის თავდასხმა ხარკოვზე განხორციელდა უბრალო ხალხზე, ჩვეულებრივ სახლებზე", - დაწერა Telegram-ში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან კვლავ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ნება დართონ უკრაინას შორი მოქმედების იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს, კერძოდ, აეროდრომებს. რუსულ მხარეს თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხარკოვზე ბოლო თვეებში არაერთხელ განხორციელდა დარტყმები საჰაერო ბომბებით. ასევე ნახეთ უკრაინის ცნობით, ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრნენ სამოქალაქო პირები ...