მოძრაობა „სირცხვილია“ აუქმებს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთანავე, მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორის თანამდებობას ტოვებს გიორგი მჟავანაძე. განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, ორგანიზაციამ წაშალა 30 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოც, სადაც განმარტავდნენ, თუ რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირება. გავრცელებულ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელთა უკმაყოფილება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მოძრაობა „სირცხვილია“ 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. გამოთქვავენ წუხილს, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს ის შედეგები, რაც მათ გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა: „მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს. ჩვენი გადაწყვეტილების ერთერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 30 აგვისტოს, საღამოს, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა ვიდეო და განაცხადა, რომ ორგანიზაცია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ რეგისტრირდებოდა. ვიდეოში, რომელიც მოძრაობის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა, „სირცხვილიას“ წევრები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობდნენ და განმარტავდნენ, რომ ისინი ამ ფორმით გააგრძელებდნენ სამომავლო საქმიანობას. „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობდა, რომ ვინაიდან კანონის ახალი რედაქციით „აგენტის“ სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, მისი აზრით, რეგისტრაცია ან არრეგისტრაცია არ განაპირობებდა, აგენტის სტატუსს მიიღებდა თუ არა ორგანიზაცია: „ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, ყველა, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც ხელისუფლებისთვის ყველა აგენტი იყო და ასე იქნება შემდეგშიც“. როგორც გიორგი მჟავანაძე განმარტავდა, „სირცხვილიამ“ რეესტრში რეგისტრაცია ორგანიზაციის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა. გარდა ამისა...