რუსეთის ჯარები 31 აგვისტოს დილით კვლავ დაესხნენ თავს დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარს. „რუსებმა დღეს დილით ქალაქი დაბომბეს, ჭურვები კერძო სახლს და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“, - განაცხადა უკრაინის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა. ჩასივ-იარის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ფილაშკინმა განმარტა, რომ ყველა გარდაცვლილი 24-დან 38 წლამდე მამაკაცია. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რეგიონის ხელმძღვანელმა ჩასივ-იარს უწოდა ქალაქი, რომელშიც "ნორმალური ცხოვრება ორ წელზე მეტია შეუძლებელია" და ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ასევე ნახეთ რა ხდება ქალაქ ჩასივ-იართან რუსეთის ჯარის წარმატების შემდეგ? უკრაინის სარდლობის ცნობით, პუტინის დავალებით, რუსეთის არმიას 9 მაისამდე უნდა აეღო დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ჩასივ-იარი. რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქალაქ ბახმუტიდან 12 კილომეტრით დაშორებული ჩასივ-იარის აღება რუსეთის არმიას გზას უხსნის ქალაქების კონსტანტინოვკის, დრუჟკოვკისა და კრამატორსკისკენ. 2014 წლიდან კრამატორსკი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ჩასივ-იარის გარდა რუსეთის არმია შეტევებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მიმართულებითაც აწარმოებს. ...