ჭიათურაში შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ - დემონსტრანტების ნაწილი შიმშილობას აცხადებს. სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. ერთ კვირაზე მეტია, შუქრუთელები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საკითხის მოგვარებაში პირველ სექტემბრამდე ცენტრალური მთავრობა არ ჩაერთვებოდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ. ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე თითქმის ექვსი თვეა, ერთ-ერთ მაღაროსთან კარავში ათენებს და აღამებს. პირველი სექტემბერი პროტესტის 157-ე დღეა. ასევე ნახეთ "ვინგრევით" - შუქრუთელები თავს მოტყუებულად გრძნობენ და პროტესტს აგრძელებენ მათ პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ კომპანიას. რამდენიმე მათგანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა საწარმოს მუშაობის შეფერხების გამო. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 5 აგვისტოს სამ მათგანს 1000-1000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გასულ კვირას შუქრუთელებმა ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში სცადეს პროტესტის გამართვა, თუმცა ისინი სოფელში არ შეუშვეს. ასევე ნახეთ აქციის მონაწილეები ჭორვილაში არ შეუშვეს - შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეების უმრავლესობას კომპენსაციები აღებული აქვს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიურმა კონტრაქტორმა, კომპანია „მაღაროელმა“ იმ შუქრუთელების წინააღმდეგ, რომლებსაც სახლები ენგრევათ და ეზოებსა და ბაღ-ვენახებში მიწა ჩაექცათ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „მაღაროელი“ აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევარზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ...