პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი და კოალიიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ემხრობა „კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას“. „მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს“, - წერს მამუკა ხაზარაძე პირველ სექტემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში. ბიძინა ივანიშვილმა წინა დღეს, 31 აგვისტოს ოზურგეთში განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია „მკაფიოდ აისახება“. „რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს“, - განაცხადა ივანიშვილმა. მამუკა ხაზარაძე აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს და წერს, რომ „12 წელია, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ტყუილში აცხოვრებენ ჩვენს მოქალაქეებს. 100 ქარხნის აშენებით, თითო სოფელში 5 მილიონის დარიგებით, უფასო ფულით, ტარიფების განახევრებითა და კიდევ უამრავი ცრუ დაპირებით მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება და ახლა ეკლესიის თემით უნდათ მანიპულირება“. „საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს“, - ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის შექმნასა და შესაბამის მოლაპარაკებებში „აქტიური მონაწილეობა“ აქვს მიღებული. „რითაც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი, კონსტიტუციის შემდეგ“. „არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და „ოცნებაა“, რომლის „სუსი“ უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის „კრებსებს“ ასაჯაროებს“, - აცხადებს ხაზარაძე. ასევე ნახეთ კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება - ივანიშვილი ...