ჩრდილოეთ ოსეთში სამდღიანი გლოვა დაიწყო ბესლანის №1 სკოლაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის გამო. ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩებში ტერაქტსა და შემდგომ თავდასხმაში დაღუპულთა პორტრეტებით გამოვიდა. შეკრებილებმა ყვავილები სკოლის სპორტდარბაზში მიიტანეს, იქ, სადაც 20 წლის წინ, ტერორისტებს ათასზე მეტი ადამიანი სამი დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. იგი მონღოლეთს 3 სექტემბერს ეწვევა. პუტინი სკოლაში ტერაქტის შემდეგ ბესლანს ორჯერ - 2008 წელს და მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ესტუმრა. ბესლანში ხსოვნის მთავარი ღონისძიებები 3 სექტემბერს გაიმართება. ამ დღეს, 20 წლის წინ, სკოლის შტურმი დაიწყო. სროლებს ემსხვერპლა 333 მძევალი, მათ შორის 186 ბავშვი. უმეტესობა სპეცრაზმის თავდასხმის შემდეგ დაითუპა. დაშავდა 800-მდე ადამიანი. თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ჩეჩნეთის სეპარატისტთა ლიდერმა შამილ ბასაევმა აიღო. ასევე ნახეთ სისხლიანი ნაკვალევები - პუტინის მმართველობის 25 წელი 2004 წლის 1 სექტემბერს, სასწავლო წლის პირველ დღეს 30-ზე მეტმა თავდამსხმელმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მდებარე სკოლაში 1100 მოსწავლე, მშობელი და პერსონალი მძევლად აიყვანა. მძევლების უმეტესობა ჩახუთულ, ხალხმრავალ დარბაზში 52 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. 3 სექტემბერს, შუადღისას, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა გაისმა და სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ორმხრივი სროლის შემდეგ რუსეთის უშიშროების ძალებმა შენობის შტურმი დაიწყეს ტანკებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით. რამდენიმესაათიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, ბოევიკების დაახლოებით ნახევარმა გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ მთავრობა მორიგჯერ გააკრიტიკეს უსაფრთხოების ხარვეზების გამო, რამაც ტერორისტებს თავდასხმის განხორციელების საშუალება მისცა. ოპონენტები აცხადებდნენ, რომ შტურმი ცუდად იყო მომზადებული და მთავრობამ საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალი არ გამოყო. თავდასხმის შემდეგ, პუტინის მთავრობამ მიიღო ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული კანონმდებლობა, რომელიც, ოპონენტების აზრით, პოლიტიკური განსხვავებული აზრისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის აქტივიზმის შესაზღუდად გამოიყენეს. ...