პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" და საზოგადოებრივ პლატფორმა „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების კოორდინირებულ დაცვაზე შეთანხმდა. საპარლამენტო პარტია მზად არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ადგილები სხვა პარტიებსა და სამოქალაქო მოძრაობებს გაუზიაროს. „არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები“, - ვკითხულობთ ოპოზიციური პარტიის განცხადებაში. „გირჩმა“ თანამშრომლობის აუცილებელი პირობაც დაასახელა და თანამშრომლობას სხვა პარტიებსაც შესთავაზა: „თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის. წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ“. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. განახლება მოგვიანებით, პლატფორმა „დაიტოვემ“ პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმება უარყო. „მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი დაიტოვე კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტი „დაიცავი“ რომლის ფარგლებშიც შედგა პარტიასთან რამდენიმე თვის წინ საუბარი, იყო ჩვენი ყოფილი გუნდის წევრის წამოწყება. ჩვენი გუნდი უკვე ერთ თვეზე მეტია რაც გამიჯნულია „დაიცავისგან“ და ყველა ის წინასწარი მოლაპარაკება რაც ამ პროექტის ირგვლივ იყო, მათ შორის „გირჩთან“ და სხვა პარტიებთან ნებისმიერი კოორდინაციაც, „დაიტოვესთან“ არ არის და არასდროს იქნება არანაირ კავშირში. ყველა ორგანიზაციას თუ პარტიას, ვისაც ამ პროექტის ფარგლებში ჰქონდა რამე სახის მოლაპარაკება, გთხოვთ რომ ჯგუფი „დაიტოვე“ აღარ მოიხსენიოთ თქვენს საჯარო განცხადებებში“, - წერს საზოგადოებრივი პლატფორმა დაიტოვე. ...