ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა 1 სექტემბრიდან შეუჩერა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება, აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე. შამბას თქმით, მოსკოვში არაერთგზის განაცხადეს, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები.“ „ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, - თქვა შამბამ ბრიფინგზე. მას კოზაკი-ბჟანის შეხვედრის პროტოკოლის ნამდვილობის შესახებ კომენტარიც სთხოვეს, შამბამ თქვა, რომ ალსან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს 19 აგვისტოს შეხვდა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს შედგა. „ჩვენი პრეზიდენტი არ ესწრებოდა დოკუმენტის წერის პროცესს, ამიტომ ისიც ვერ დაამოწმებს ამას, ერთადერთი რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მან თქვა, რომ საკითხი, რომ მან გასცა გარკვეული დაპირებები, ასეთი არ ყოფილა. ეს გამოქვეყნებულია პრეზიდენტის საიტზე, შეგიძლიათ გაეცნოთ“, - თქვა მან. „ჩვენი არხებით, რასაკვირველია, ვცდილობდით ამ ვითარებაში გარკვევას.. ოფიციალურად არაფერი მიგვიღია, დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად არ ჩამოსულა, მას ვერ განვსაზღვრავთ, ნამდვილ დოკუმენტად, თუმცა საკითხები, რომლებიც იქ დგას არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა შეხვედრებზე“, - დაამატა შამბამ. ასევე ნახეთ „აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან მან კომენტარი გააკეთა ასევე ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. შამბამ აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მიღებული სანქციაა. „იცით, ის ხშირად გამოიყენება, შორს რომ არ წავიდეთ, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა, როგორც ის ჩათვლის. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ, თუ ისინი ვიღაცებს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, ე.ი. მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“, - განაცხადა მან. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი სოხუმისგან ითხოვს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმ...