დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი დაასახელეს. როგორც ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, მგალობლიშვილის კანდიდატურის წარდგენას საბჭოს პრეზიდიუმის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე გაგრძელდება პროცედურები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, - თქვა ჯემალ გამახარიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის თანახმად, ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან ერთად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მგალობლიშვილი, მმართველი პარტიის რიგებიდან, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც იყო. მგალობლიშვილი 1977 წელს სოხუმში დაიბადა. ასევე ნახეთ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს რუსლან აბაშიძემ, რომელიც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, პოსტის დატოვების შესახებ 4 სექტემბერს, დილით განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ახლა მთავარია, რომ ძალიან მალე დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. კობახიძის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. „ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, სასურველია, რაც შეიძლება, მალე შედგეს კონსულტაცია და დაინიშნოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარე“, - თქვა პრემიერმა. ...