გლდანში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ. შსს-ში ამობენ, რომ დეპუტატს არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პარტია "ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ დაკავებულია, ასევე თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. "ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე", - აცხადებენ პარტიაში. მათივე ცნობით, პოლიციამ იძალადა მათ რამდენიმე მხარდამჭერზე. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა. ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!" - წერია ენმ-ის განცხადებაში. საკრებულოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ გასულ, 2023 წლის 22 სექტემბერს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ის წევრები ამბობენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს. მაშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას არ აქვს და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს. ასევე ნახეთ ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს ...