სომხეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაესწრება „ბრიკსის“ ალიანსის სამიტს, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ტარდება. „დიახ, მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა 4 სექტემბერს. რადიო თავისუფლების სომხურენოვანი სამსახური წერს, რომ ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია კომენტარი, პირადად პრემიერი ფაშინიანი მიიღებს თუ არა მონაწილეობას. სომხეთი ყაზანში „ბრიკსის“ სამიტს დაესწრება რუსეთთან ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად. ნიკოლ ფაშინიანს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული რუსეთის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისათვის“ და არცერთ ღონისძიებაში არ მონაწილებს. „ბრიკსის“ წევრი კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უკვე ორი სახელმწიფოა: რუსეთი, - ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, - და ირანი, რომელიც 2024 წლის იანვრიდან შეუერთდა ალიანსს. „ბრიკსში“ გაწევრების ოფიციალური განაცხადი 2024 წელს რეგიონის კიდევ ორმა ქვეყანამ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეიტანეს. სომხეთს არც ოფიციალური განაცხადი აქვს „ბრიკსის“ წევრობაზე გაკეთებული და არც პოლიტიკური. ქვეყანა სამიტზე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებთან ერთად მიიწვიეს. სარგის ხანდანიანმა, სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სომხეთის „ბრიკსის“ სამიტში მონაწილეობა დასავლეთთან ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის. „არა მგონია, რომ „ბრიკსი“ ისეთი ფორმატი იყოს, რომელსაც რაიმე განხეთქილების ჩამოგდება შეეძლოს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აქვს მის არაერთ წევრ ქვეყანასთან. ეს სხვადასხვა საკითხის განსახილველი პლატფორმაა“, - განაცხადა ხანდანიანმა. „ევროკავშირი და დასავლელი პარტნიორები პატივს სცემენ სომხეთის მიდგომებს, და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ასევე აქვს ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობები „ბრიკსის“ წევრ ქვეყნებთან. არა მგონია, აქ რაიმე პრობლემა წარმოიშვას“, - განაცხადა მან. ასევე ნახეთ საქართველოს კიდევ ორი მეზობელი ამბობს, რომ „ბრიკსში“ გაწევრება უნდა „ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა. წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ალიანსი 2024 წლის იანვრიდან 10-მდე გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. მომდევნო სამიტი ყაზანში დადეგმილი 2024 წლის 22-24 ოქტომბერსაა დაგეგმილი. „ბრიკსი“, სავარაუდოდ, დამატებით გაფართოებას განიხილავს. ასევე ნახეთ რა არის „ბრიკსი“ და რატომაა იმ...