ადვოკატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც წუხანდელი დაპირისპირების შემდეგ პოლიციას ჰყავს დაკავებული, ნაცემია. იგი სპეციალური საგამოძიები სამსახურისგან პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამოძიებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ეძგვერაძის დაკავებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს და საარჩევნო კამპანიას უკავშირებს. „როდესაც ირაკლი მოვინახულე, ვნახე, რომ ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები. ასევე, ეტყობა დალურჯებები კისრის არეში“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 5 სექტემბრის დილას ჟურნალისტებთან საუბრისას. დაკავების ოფიციალური ვერსია ირაკლი ეძგვერაძე, საკრებულოს წევრი, რომელიც ამავე დროს ენმ-ის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წინა საღამოს, 4 სექტემბერს დააკავეს გლდანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საღამოს გლდანში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, ატარებდნენ „საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით“. ამ დროს, პოლიციის მტკიცებით, ირაკლი ეძგვერაძემ შსს-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ დეპუტატს არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. ამავე ინციდენტისას პოლიციამ მისი თანაგუნდელი, ირაკლი ნადირაძეც დააკავა იმავე ადმინისტრაციული მუხლებით. ის გვიან ღამით ხელწერილით გამოუშვეს. ეძგვერაძე კვლავ საპატიმროშია. გარემოებები ადვოკატის თქმით, ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა „ავტოფარეხში იძალადეს“. „ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ირაკლი ცხოვრობს გლდანში, გუშინ მას სახლში შეუვარდნენ და სახლში ძალადობდნენ“, - თქვა ადვოკატმა. მისი მტკიცებითვე, არ მისცეს საშუალება, დასწრებოდა ეძგვერაძის დაკავებას და შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეუბნებოდნენ, თუ სად გადაიყვანეს. ეძგვერაძის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე მოუწოდებს: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: „დაუყოვნებლივ გამოიძიოს პოლიციის არაკანონიერი ქმედება - უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება“‘ სახალხო დამცველს - „აიყვანოს პირად კონტროლზე ეძგვერაძის საქმე“. ადვოკატის თანახმადვე, ეძგვერაძემ „იცის, ვინ იძალადა მასზე“ და ამოცნობა შეუძლია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კითხვით, დაიწყეს თუ არა საქმის გამოძიება ან მოკვლევა და პასუხს ელოდება. ენმ: „პოლიტიკური დევნა“ ნაციონალური მოძრაობა ეძგვერაძის დაკავებას „ქართული ოცნების“ მიერ ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. „ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის არაერთი გამოსვლა, ...