რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ორი საზღვაო დრონი გაანადგურა. სამხედრო უწყების ცნობაში ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის მითითებული. თუმცა, ადრე ნოვოროსიისკის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია უპილოტო კატარღების თავდასხმის საფრთხის შესახებ. ქალაქის სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მერმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ გასულიყვნენ სანაპიროზე, არ დამდგარიყვნენ პირველ სანაპირო ზოლზე მდებარე სახლების ფანჯრებთან და არ გადაეღოთ და არ განეთავსებინათ თავდასხმის მოგერიების ამსახველი ვიდეოები სოცქსელებში. ამის მიუხედავად, ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებშიც ისმის და ჩანს, როგორ ცდილობენ რუსი სამხედროები თავდასხმის მოგერიებას. დაახლოებით დილის რვა საათზე განგაშის სირენა, რომელიც ღამის ორის ნახევრიდან მოქმედებდა, გაუქმდა. ნოვოროსიისკის მერს თავდასხმის შედეგებზე არ უსაუბრია. ასევე ნახეთ რას წარმოადგენს უკრაინული რაკეტა-დრონი "პალიანიცა", რომელზეც ზელენსკი დიდ იმედებს ამყარებს? ნოვოროსიისკი არის პორტი შავი ზღვის სანაპიროზე, კრასნოდარის მხარეში. შარშან შემოდგომაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ზოგიერთი გემი ანექსირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს. მას შემდეგ ქალაქს არაერთხელ დაესხნენ თავს საზღვაო დრონები. ნოვოროსიისკი ასევე არის რუსეთის მთავარი კომერციული პორტი შავ ზღვაზე. 4-დან 5 სექტემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს. ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში, სამი კი კურსკის ოლქში. ასევე, ერთი რეაქტიული ჭურვი „ოლჰა“ ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ...