6 სექტემბერს ნიუ-იორკის მოსამართლემ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის თანხის გასაჩუმებლად გადახდის საქმეზე განაჩენის გამოტანა გადადო ნოემბერში დანიშნული არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. მანჰეტენის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა ტრამპის განაჩენის გამოტანა გადადო 26 ნოემბრამდე - რაც სამი კვირაა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. აქამდე განაჩენის გამოტანა დანიშნული იყო 18 სექტემბერს, არჩევნების დღემდე დაახლოებით შვიდი კვირით ადრე. მერჩანის თქმით, განაჩენი გადაიდო იმ მიზნით, რომ "თავიდან იქნეს აცილებული შთაბეჭდილება - თუნდაც მცდარი - რომ ამ პროცედურაზე გავლენა მოახდინა, ან ის ცდილობს გავლენის მოხდენას საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც განსასჯელი კანდიდატია". "სასამართლო არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური ინსტიტუტი", - დასძინა მოსამართლემ. განაჩენის გამოტანის გადადებას ტრამპის ადვოკატები ითხოვდნენ სხვადასხვა ფრონტზე - ისინი მოსამართლეს პეტიციებით მიმართავდნენ და ფედერალური სასამართლოს ჩარევას სთხოვდნენ. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტის და რესპუბლიკელთა კანდიდატის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში დასჯა იქნებოდა არჩევნებში ჩარევის ტოლფასი ქმედება. ტრამპი მაისში უკვე ცნეს დამნაშავედ საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში, იმ მიზნით, რომ დამალულიყო 130 000 დოლარი, რომელიც სიჩუმის საფასურად გადაუხადეს პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობს, სტორმი დენიელსს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მსახიობს არ უნდა ესაუბრა სექსუალურ კავშირზე, რომელიც, როგორც ის აცხადებდა, მას ტრამპთან 2006 წელს ჰქონდა. ტრამპი იმ პერიოდში უკვე იყო მელანია ტრამპზე დაქორწინებული. ასევე ნახეთ ტრამპი დამნაშავედ ცნეს: რა იქნება ახლა? ...