ვენესუელის ოპოზიციის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთმა ყოფილმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა დატოვა ქვეყანა. გავრცელებული ცნობით, ის აპირებს პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს ესპანეთში. მანამდე ვენესუელის ხელისუფლებამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ბოლო დღეებში ის ესპანეთის საელჩოს კარაკასში აფარებდა თავს. ესპანეთმა დაადასტურა, რომ მას თავშესაფარს მიანიჭებს და პოლიტიკოსი ქვეყნიდან გაიყვანა თავისი შეიარაღებული ძალების თვითმფრინავით. ვენესუელის ვიცეპრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მთავრობამ გონსალესს საშუალება მისცა დაეტოვებინა ქვეყანა, რათა აღდგეს „პოლიტიკური მშვიდობა და სიწყნარე“. გონსალესის დაპატიმრების ორდერში, რომელიც გაცემულია 3 სექტემბერს, ნათქვამია, რომ ის ეჭვმიტანილია არაერთ დანაშაულში, მათ შორის კანონის დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, საინფორმაციო სისტემების მიმართ საბოტაჟში და დანაშაულებრივ ჯგუფის წევრობაში. გონსალესმა კენჭი იყარა 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში. სენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამარჯვებულად გამოცხადდა - ამდენად, ის უკვე მესამე საპრეზიდენტო ვადით დაიკავებს პოსტს. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მისმა მონაწილეებმა მადურო შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა ხმების 70%-ზე მეტი მოიგო. ოპოზიციამ გამოაქვეყნა ოქმები საარჩევნო უბნების 80%-ზე მეტიდან, საიდანაც ჩანს, რომ გონსალესმა არჩევნებში მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვა. სახელმწიფო საარჩევნო კომისიას, რომელმაც მადურო გამარჯვებულად გამოაცხადა, ოქმები არ გამოუქვეყნებია. ლათინური ამერიკის ცხრა სახელმწიფო, მათ შორის არგენტინა, კოსტა რიკა, პანამა, პარაგვაი და ეკვადორი, ეჭვქვეშ აყენებდნენ მადუროს გამარჯვებას და მოითხოვდნენ არჩევნების შედეგების გადახედვას. აშშ-მა არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი დაასახელა. ასევე ნახეთ ვენესუელის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის დაპატიმრების ორდერი გასცა ასევე ნახეთ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ...