2024 წლის დასაწყისიდან უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი, ივლისის შემდეგ, აგვისტოში იყო. ამის შესახებ საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალ ანგარიშში. უფლებადამცველების ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 184 და დაიჭრა 856 მშვიდობიანი მოქალაქე. ივლისში მოკლული იყო სულ მცირე 219 სამოქალაქო პირი, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 1000-ს აჭარბებდა. ახალ ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები. მათ შორის 9 აგვისტოს, სარაკეტო დარტყმა სუპერმარკეტზე დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 44 დაიჭრა, უკრაინის 15 რეგიონის სულ მცირე 25 ენერგოობიექტზე 26 აგვისტოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა და საავიაციო დარტყმა ქალაქ ხარკოვზე, სადაც 30 აგვისტოს დაიღუპა 6 და დაიჭრა 44 სამოქალაქო პირი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 11 743 და დაიჭრა 24 614 სამოქალაქო პირი. ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან გაეროს ექსპერტებს არ აქვთ წვდომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქებზე, მაგალითად, მარიუპოლზე, სადაც არსებული ცნობებით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ...