რუსეთში დასრულდა რეგიონული არჩევნები. რეგიონების ყველა ამჟამინდელი ხელმძღვანელი თავის ადგილზე დარჩა. ყველა რეგიონული პარლამენტი მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ხელთაა. გუბერნატორის არჩევნები 21 რეგიონში გაიმართა. მათგან ოცში გაიმარჯვეს კანდიდატებმა „ედინაია როსიადან“, ერთში - იმიერბაიკალეთის მხარეში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა (მას არ ჰყავდა მოწინააღმდეგე „ედინაია როსიადან“). ამომრჩეველთა დაცვის მოძრაობა „გოლოსმა“ გუბერნატორობის ყოველი კამპანიის გაანალიზების შემდეგ განაცხადა, რომ არცერთ მათგანში არ ყოფილა კონკურენცია. ხაბაროვსკის მხარეში, რომელსაც რამდენიმე წელი მართავდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ლდპრ), გაიმარჯვა ასევე „ედინაია როსიას“ წევრმა დმიტრი დემეშინმა, რომელმაც ხმების 81% მიიღო. ლდპრ-ის კანდიდატი ბიულეტენზე არ ყოფილა: პარტიამ არ დაასახელა საკუთარი კანდიდატი და დემეშინს დაუჭირა მხარი. კურსკის ოლქში, რომელშიც კენჭისყრა თორმეტი დღის განმავლობაში ტარდებოდა „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ (რეგიონში ბრძოლებია), გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა მიიღო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი - 65,3%. ყველაზე დაბალი შედეგი კი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის მოქმედ გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს – 59%. კიდევ ორ რეგიონში - ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგსა და ინგუშეთში - ხელმძღვანელი პარლამენტის დეპუტატებმა აირჩიეს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამი კანდიდატიდან ორივე რეგიონის დეპუტატებმა ასევე „ედინაია როსიას“ წარმომადგენლები აირჩიეს. „ედინაია როსიას“ უმრავლესობა ექნება 11-ვე რეგიონის პარლამენტში, სადაც შესაბამისი არჩევნები ჩატარდა. მოსკოვის საქალაქო დუმის 45-ვე მანდატი მოსკოვის ხელისუფლების კანდიდატებს ენიჭება, აღნიშნა ტელეგრამის არხმა „მოსვიბორი“, რომელიც დედაქალაქში საარჩევნო კამპანიას ადევნებს თვალს. ასევე ნახეთ არჩევნების წინ როგორ გადავეწერო სხვა მისამართზე? ხაბაროვსკის ტერიტორიის დუმას, სადაც ლდპრ-ს 2019 წლიდან აქვს უმრავლესობა, ახლა გააკონტროლებს „ედინაია როსია“: ხელისუფლებაში მყოფი პარტია იღებს სიების 45%-ზე მეტს და იკავებს 24 ერთმანდატიანი ოლქიდან მინიმუმ 18-ს. სახელმწიფო დუმის შუალედურ არჩევნებში დეპუტატები აირჩიეს ხაკასიის, ბრიანსკის და როსტოვის ოლქებში სხვადასხვა მიზეზის გამო დეპუტატთა გადადგომის ნაცვლად. ყველაზე მაღალი აქტივობა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ბაშკირეთში - 69,2%. ყველაზე დაბალი კი - ხაბაროვსკის მხარეში, 32,9%. მოსკოვში ამომრჩეველთა დაახლოებით 41%-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. უმრავლესობამ დისტანციურად მისცა ხმა: არჩევნებში მონაწილე მოსკოველთა 95,5%-მა გამოიყენა დისტანციური მეთოდი. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები - მათ შორის „კარუსელები“, ამომრჩეველთა ტრანსპორტირებ...