"ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა", - ამბობს თეა გოდოლაძე. გოდოლაძის ცნობით, ცენტრი ამჟამად სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე მუშაობდა, რომელსაც აშშ აფინანსებდა. მისივე თქმით, მათ შორის, აშშ-ის ფინანსები ხმარდებოდა მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. "აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინასნება გვაქვს სახელმწიფოსაგან. ჩვენს სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა ა.შ.შ. დღეს, საკმაოდ მძიმე რეალობაა", - წერს ის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თეა გოდოლაძე ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ ცენტრი "თვითდინებით" გააგრძელებს მუშაობას, შემდეგ კი ახალი რესურსების მოძიება გახდება საჭირო. "დაფინანსების წყაროები თუ არ გამოჩნდება, აუცილებლად პრობლემები შეექმნება ქსელს. 3 თვეს აუცილებლად ვიფუნქციონირებთ და დაახლოებოთ, 1 წელს გავძლებთ, აპარატურის კუთხით, ზაფხულამდე. ზამთარს რომ გამოივლის სადგური, შემდეგ ყველა სადგურს შეკეთება სჭირდება. აი ამ შეკეთების ფული მექნება თუ არა, არ ვიცი. მეორე საკითხია კადრი. მე თუ კადრი ვერ დავაკავე, რა გავაკეთო?" რადიო თავისუფლება დაუკავშრდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში. 6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ "ლუგარის ლაბორატორიას" და NCDC-ს 2 მლნ ლარამდე ამერიკული დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე აცნობა საზოგადოებას. მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს. მანვე წუხილი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით "ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული". „მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შე...