10 სექტემბერს, ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა სცადა, თუმცა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვამდე არ მიუშვეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დილით ტელეგრამით გამოაქვეყნა ცნობა, რომ 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის ქალაქებში: პოდოლსკში, რამენსკოეში, ლიუბერციში, დომოდედოვოსა და კოლომნაში. ვორობიოვის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად რამენსკოეში ხანძარი გაუჩნდა ორ მრავალბინიან სახლს. გუბერნატორის ცნობით, დაიღუპა 9 წლის ბავშვი, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. განახლება: მსხვერპლის შესახებ პირველი ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ვორობიოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ბავშვის დაღუპვა არ დადასტურდა, დაღუპულია 46 წლის ქალი და დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა დედაქალაქის ტროიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლის ტერიტორიაზე და აეროპორტ ჟუკოვსკის რაიონში. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ჟუკოვსკის გარდა დროებით დახურეს ვნუკოვოს, შერემეტიევოს და დომოდედოვოს აეროპორტებიც. უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ასევე ნახეთ მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის „მასშტაბური მცდელობა“ იყო 2024 წლის ივლისიდან მოსკოვის და მოსკოვის ოლქის ხელისუფლებამ სულ მცირე სამჯერ განაცხადა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ. ერთი წლით ადრე, 2023 წლის მაისიდან სექტემბრამდე მოსკოვზე დრონებით ათზე მეტი თავდასხმა იყო და არაერთი შენობა დაზიანდა. 2023 წლის 3 მაისს მოსკოვში ისიც კი განაცხადეს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს. ივლისსა და აგვისტოში, სულ მცირე, სამი შეტევა იყო მოსკოვი-სიტიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები. კრემლის მიერ კონტროლირებული მედია იუწყებოდა, რომ ამ დარტყმების შემდეგ, მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა დამატებითი საშუალებებით გააძლიერეს. ...