საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას: თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? „მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს. 2018 წლის 16 დეკემბერს (სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს) ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. მას 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ წევრებს საკრებულოების დეპუტატებისგან აკომპლექტებენ. საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საარჩევნო წელს საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება (დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ). შესაბამისად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, სავარაუდოდ, 2024 წლის დეკემბერში ან 2025 წლის იანვარში ჩატარდება. ...