გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გადაჭრით დაგმო ისრაელის ავიაციის სისხლიანი თავდასხმა უსაფრთხო ზონად გამოცხადებულ არეალში, ღაზაში, 11 სექტემბრის დილას, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა. „უპასუხისმგებლობაა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მძიმე შეიარაღების გამოყენება“ - განაცხადა დიუჟარიკმა. მისი თქმით, “ ხან იუნისის ამ არეალში პალესტინელები თავშესაფრის, უსაფრთხოების მოსაძებნად გადასახლდნენ მას მერე, რაც ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ მოსთხოვა მათ, ასე მოქცეულიყვნენ“. პალესტინელი მოხელეების თანახმად, თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. სულ მცირე, 19 გვამი მიიტანეს საავადმყოფოში, მაგრამ სხვა დაღუპულები სავარაუდოდ, დაკარგული და მიწის ქვეშ დამარხულები არიან. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ დარტყმა მიაყენეს ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) სამეთაურო ცენტრს, რომელმაც მოახერხა ალ-მავასის „ჰუმანიტარულ ზონაში შეღწევა". ალ-მასავი უზარმაზარი ბანაკია, სადაც ისრაელის არმიის ბრძანებით დასახლდა ასეულობით ათასი პალესტინელი, რომლებიც აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებელი. Reuters-ის ცნობით, ჰამასმა უარყო, რომ იქ მისი მეომრები იმყოფებოდნენ. ასევე ნახეთ რამდენი პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში? ...