პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ელისაშვილი გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, როდესაც სპეცრაზმელები ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „იმ ინციდენტის შემდეგ არც ერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი, არც ერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ არის. მე დამაჯარიმეს 2000 ლარით „ხულიგნობდი და უმისამართოდ იგინებოდიო...“ მიამიტური მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით არ გვაქვს, მაგრამ კანონის პატივისმცემელი ხალხი ვართ და ამიტომ ავასაჩივრებთ“, - თქვა ელისაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, აგრეთვე სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა ალეკო ელისაშვილმა 2 სექტემბერს თქვა, რომ მასზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნო და მის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ...