რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მანამდე რუსეთის სპეცსამსახურმა უკვე განაცხადა, რომ აშშ ემზადება „თბილისური მაიდნის“ მოწყობისთვის, რათა არ დაუშვას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ახლა კი საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს. „საგარეო დაზვერვის სამსახურში შემავალი მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება ახალი ინსტრუმენტის ასამოქმედებლად საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში ჩასარევად, ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამად მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვებაში ხელის შეშლის მიზნით, ამერიკელებმა მოილაპარაკეს ეუთო/ოდირის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელობასთან „თანამშრომლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში ამბობენ, რომ ეუთო/ოდირი არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს „ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების პირობების არარსებობის დასკვნით“. „ნების გამოხატვის პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, წარდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. „ვაშინგტონის ჩანაფიქრი ნათელია და აღარ იწვევს გაკვირვებას - მისცეს საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას მიზეზი მასობრივი საპროტესტო აქციების გასაშვებად ქვეყანაში ძალისმიერი გზით ხელისუფლების მიტაცების მიზნით“, - აცხადებენ რუსულ უწყებაში. რუსეთს საგარეო დაზვერვის სამსახური „გამართლებულს“ უწოდებს ეუთოს დაფინანსების შემცირებას და აცხადებს, რომ ODIHR -ი გადაიქცა „ამერიკის ხელისუფლების უსინდისო თამაშების რუპორად“. მანამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აცხადებდნენ, რომ აშშ-დან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ორჯერ ცდილობდნენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კობახიძემ საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩი კელი დეგნანიც დაადანაშაულა „ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მხარდაჭერაში“. ვაშინგტონმა უარყო თბილისის ბრალდებები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა "კატეგორიულად მცდარი" უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, თითქოს აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. იგივე გაიმეორა, აგვისტოში თბილისში ვიზიტისას სენატორმა ჯინ შაჰინმა. ქართული ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში აშშ-ის ჩარევაზე მოსკოვის მიერ აღწერილი გეგმებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების მსგავსება მიუთითებ...