უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელებმა შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30სმ. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დღეს, 12 სექტემბერს განაცხადა. სამმართველოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი, რომელიც ოკუპირებული ყირიმის ქალაქ საკის აეროდრომზე დისლოცირებულ 43-ე საზღვაო-საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა, 11 სექტემბერს ჩამოაგდეს გადასატანი სარაკეტო საზენიტო კომპლექსით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, ოკუპანტებმა თავის საბრძოლო თვითმფრინავთან კავშირი 11 სექტემბერს, დაახლოებით დილის ხუთი საათისთვის დაკარგეს, სამი საათის შემდეგ დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და შუადღისთვის ზღვაში აღმოაჩინეს განადგურებული თვითმფრინავის ფრაგმენტები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყირიმში თვითმფრინავის განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს. ...