რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა ცნობები კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრშეტევის შესახებ. რუსეთის სამხედრო უწყების ანგარიშში, რომელიც 12 სექტემბერს შუადღისას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ორი დღის განმავლობაში განთავისუფლდა 10 დასახლება“, მათ შორის სოფელი სნაგოსტი. ადრე ომის მომხრე ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიბრუნეს ეს პუნქტები. ამის შესახებ ღია მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტიც. შეტევა მიმდინარეობს უკრაინის ჯარების მიერ აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში. რუსეთის ჯარების წინსვლა 10 სექტემბერს დაიწყო. არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეძლეს რამდენიმე კილომეტრით წინსვლა. ბრძოლები ჯერ არ შეხებია უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებულ რაიონულ ცენტრ სუჯას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. „ყველაფერი მიდის ჩვენი უკრაინული გეგმის მიხედვით,“ დასძინა მან და არ განუმარტავს, რას გულისხმობდა. რამდენიმე რუსული სამხედრო არხი იტყობინება უკრაინელი სამხედროების მცდელობაზე, შეეტიათ რუსეთის ჯარებისთვის კურსკის ოლქის სხვა მონაკვეთებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი კურსკის რეგიონში რუსული ჯარების კონტრშეტევასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე. აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ბრძოლების შედეგების შესახებ ანგარიშების სწრაფად დადასტურება. ასევე ნახეთ “შენელდნენ, მაგრამ არ გაჩერებულან” - დონბასში რუსები წინ მიიწევენ უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში შეტევა დაიწყო 6 აგვისტოს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის 2,5 წლის შემდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ათეულობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის რაიონულ ცენტრ სუჯას და ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას. კურსკის ოლქში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ოფიციალური მონაცემებით, სასაზღვრო რაიონებიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რამდენი ადამიანი რჩება უკრაინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, უცნობია. თუმცა, არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა ასეულებით განისაზღვრება. უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ ახორციელებენ რუსეთის ტერიტორიის ოკუპაციის მიზანს, მათი თქმით, ომში სხვა მიზნების მიღწევაა საჭირო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციას უწოდა უკრაინის სტრატეგიის ნაწილი, რათა რუსეთი აიძულოს, დათანხმდეს მშვიდობა. ...