ბრიტანეთს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, უკრაინას კი თავის დაცვაში ეხმარება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პასუხად. 12 სექტემბერს, პეტერბურგში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას დასავლეთის დახმარების გარეშე არ შეუძლია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმები და თუ ნატოს წევრი ქვეყნები კიევს მისცემენ მათგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას, ეს იქნება რუსეთთან ომში ნატოს წევრი აშშ-ის და ევროპული ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა, რასაც შესაბამისი გადაწყვეტილებებით უპასუხებენ. პუტინის ამ განცხადების შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თვითმფრინავში, გზად ვაშინგტონისკენ, სადაც დღეს, 13 სექტემბერს კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო და მისი დაუყოვნებლივ დასრულებაც რუსეთს შეუძლია. კირ სტარმერის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელსაც სრულად უჭერენ მხარს და ეხმარებიან, მაგრამ არ მიისწრაფიან რუსეთთან კონფლიქტისკენ და ეს განზრახვა არ აქვთ. როგორც BBC წერს, სტარმერმა თავი შეიკავა უკრაინისთვის გადაცემული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების პერსპექტივაზე საუბრისგან, თუმცა არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილება. ასევე ნახეთ მედია: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე Storm Shadow-ის გამოყენების უფლება მისცა 11 სექტემბერს, ბრიტანულმა გამოცემა Guardian-მა დაწერა, რომ ლონდონმა კიევს მისცა უფლება რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს ბრიტანული რაკეტები Storm Shadow. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ დაუდასტურებია. უკრაინის მიერ დასავლეთისგან მიღებული რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების საკითხი ერთ-ერთია, რაზეც 13 სექტემბერს, თეთრ სახლში იმსჯელებენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. ...