მთავრობის ხელმძღვანელი ამავდროულად არის მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მთავრობამ ყურძნის სუბსიდიაზე გადაწყვეტილება კი საპარლამენტო არჩევნებამდე 43 დღით ადრე მიიღო. „მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის“, - თქვა პრემიერმა კობახიძემ. მისივე თქმით, წელს ყურძნის 300 ათას ტონამდე მოსავალს ელიან, საიდანაც 80 ათასი უკვე გადამუშავებულია. „კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან“, - თქვა მან. три სახელმწიფო ბოლო წლებში მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის ყურძენს ასუბსიდირებდა, საფერავის ჯიშის ყურძენში კი თანხა 2016 წლის შემდეგ აღარ დაუხარჯავს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას შემდეგ მოსავლის მოცულობა თითქმის გაორმაგებულია. პრემიერის ცნობით, შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ...