რუსეთის ფედერაციის კურსკის რაიონის ქალაქ სუჯისა და სუჯის რაიონის მცხოვრებლების ნათესავებმა წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს წერილი "ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა. წერილის ხელმომწერები ორი ქვეყნის ლიდერებს სთხოვენ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას სუჯის რაიონში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. გაზეთი აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აგვისტოს დასაწყისიდან ატარებენ საბრძოლო ოპერაციას, არაოფიციალური მონაცემებით, ჯერაც ათასამდე ადამიანი რჩება. წერილში ნათესავები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ ჟენევის კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს უზრუნველყონ სამოქალაქო პირების დაცვა სამხედრო მოქმედებებისგან და ასევე კრძალავს "ცოცხალ ფარად" სამოქალაქო პირების გამოყენებას. "ჩვენ, საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე მოხვედრილი ადამიანების ახლობლები, გთხოვთ, რაც შეიძლება ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. ჩვენ ვთხოვთ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ევაკუაციაზე", - წერენ მიმართვის ავტორები. 12 სექტემბრის მონაცემებით, მიმართვას ხელი მოაწერა 90-მა ოჯახმა, რომლებსაც ჰყავთ ნათესავები სუჯასა და სუჯის რაიონში. 11 სექტემბერს კურსკის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ 150 000-ზე მეტი ადამიანი "გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილებში". მანამდე 12 აგვისტოს სმირნოვმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაახლოებით 121 ათასმა მცხოვრებმა დატოვა რეგიონის სასაზღვრო რაიონები და ჯამში ევაკუაციას ექვემდებარებოდა 180 ათასი ადამიანი. სუჯის მცხოვრებთა ნათესავების კოლექტიური მიმართვის ფონია ცნობები რუსეთის არმიის მიერ დაწყებული კონტრშეტევის თაობაზე და რამდენიმე სოფლის გათავისუფლებაზე უკრაინის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. „ყველაფერი მიდის ჩვენი უკრაინული გეგმის მიხედვით“, დასძინა მან და არ განუმარტავს, რას გულისხმობდა. რამდენიმე რუსული სამხედრო არხი იტყობინება უკრაინელი სამხედროების მცდელობაზე, შეეტიათ რუსეთის ჯარებისთვის კურსკის ოლქის სხვა მონაკვეთებზე. ასევე ნახეთ რუსეთის თქმით, კურსკის ოლქში ათი სოფელი დაიბრუნა ...