ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკრაინისთვის უფლების მიცემა, რომ გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ იერიშებისთვის. მხარეებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის შეტყობინებაში არ იყო ნახსენები შორი დისტანციის იარაღი. მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინას მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან დასაცავად. სტარმერმა მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა, რომ „ეს არ იყო შეხვედრა კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“ და მიანიშნა, რომ მოვლენათა შემდგომი განვითარება მოსალოდნელი უნდა იყოს სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ მივედით ძლიერ პოზიციამდე,“ - თქვა სტარმერმა, იტყობინება Politico. „ძნელია მუდამ იმის სმენა, რომ ‘ჩვენ ამაზე ვმუშაობთ’, ვიდრე პუტინი აგრძელებს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების გადაწვას“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დიდი ხანია, სთხოვს მოკავშირეებს შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებას რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. საუბარია ამერიკულ ATACMS რაკეტებზე 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსით და ანგლო-ფრანგულ Storm Shadow რაკეტებზე 560 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსით. ბრიტანეთის მთავრობაში ორმა წყარომ განუცხადა Politico-ს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ, არ შექმნან შთაბეჭდილება, რომ განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმის თაობაზე, რომ უკრაინას შორი დისტანციის რაკეტების გამოყენების უფლება მისცენ რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის. მანამდე გაზეთმა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, კიევს მისცენ თავიანთი რაკეტების გამოყენების უფლება. ასევე ნახეთ პუტინი: დასავლეთის პირდაპირი მონაწილეობა ცვლის უკრაინაში კონფლიქტის არსს ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი უფლების მინიჭება ნიშნავს ნატოს ქვეყნების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში. რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვების შესახებ ბაიდენს ვაშინგტონში შეხვედრის წინ ჰკითხეს. „მე ბევრს არ ვფიქრობ ვლადიმირ პუტინზე“, - უპასუხა მან. თავის მხრივ, სტარმერმა შეერთებულ შტატებში ჩასვლის წინ თქვა: „რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია ეს კონფლიქტი პირდაპირ ახლავე დაასრულოს“. ...