14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად ჩატარდება საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი. ამ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები - მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები, პერფორმანსები, ვიქტორინები, შეჯიბრებები, კონცერტები. ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. ფოთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში - კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie). ...