რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „პრეზიდენტი“ იყო, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივას. კოკოითის თქმით, ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არაა. „ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ... ყველაფრის უტვინო სააკაშვილსა და აშშ-ზე დაბრალება ძალიან წარუმატებელი და ახლომხედველურია, პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა“, - დაწერა მან ტელეგრამის არხში. კოკოითი მიიჩნევს, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას“, ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები. ცხინვალი ადრეც აცხადებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები“. „სამხრეთ ოსეთისთვის 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზარალი, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ მანამდე, არასაკმარისია. მაგრამ საქმე ამაში საერთოდ არაა. ვინ დაგვიბრუნებს ათობით ათას მოკლულ ძმასა და დას, ვინ დაუამებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნათესავებსა და ახლობლებს? ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ“, - ამბობს ის. ასევე ნახეთ ივანიშვილის ბოდიში - რას ნიშნავს, ვისკენ მიემართება, რას ცვლის ეს ინიციატივა კოკოითი ოსებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ, არ გახდნენ „ოსეთში ივანიშვილის მიერ მოსყიდული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარიონეტები“. ის დარწმუნებულია, რომ "ოსეთში ქართული სპეცსამსახურების მიძინებული უჯრედები გააქტიურდებიან“ უახლოეს მომავალში. კოკოითი დაასკვნის, რომ „საქართველოსთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა დამყარდეს“, „ოსეთი და აფხაზეთი უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტები, რუსეთის საიმედო საყრდენები“. ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროთა ოჯახები ივანიშვილის ბოდიშის მზადყოფნას ეხმაურებიან ბიძინა ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მ...