საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების 6-წლიანი პროცესი დასრულდა. პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ერთხმად დაამტკიცა ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. გასულ კვირას გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, ნიკოლოზ მარსაგიშვილს აზრი ჰკითხეს მაღალი თანამდებობის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც საქართველოს წინაშე ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა. მარსაგიშვილს ამ საკითხზე საჯაროდ უკვე ჰქონდა გამოხატული პოზიცია, რომ არ ეთანხმება და არ აპირებს შემოწმების პროცესს დაექვემდებაროს. ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებს და სხვა მიზნებს ემსახურება, ამასთან, აცხადებს, რომ მოსამართლეების ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია. პარლამენტში მხარდაჭერის მოპოვების მიუხედავად, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში მუშაობის დაწყებას მომავალ წლამდე ვერ შეძლებს. ეს იმიტომ, რომ 28-ე ადგილი უზენაეს სასამართლოში ვაკანტური 2025 წლიდან გახდება. სწორედ მომავალ წელს ეწურება უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა და პარლამენტმა მისთვის წარდგენილი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წინასწარ დაამტკიცა. ის ამ თანამდებობაზე საქმიანობას გასიტაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის (2025 წლის 12 ივნისს) შემდეგ შეუდგება. ეს სისწრაფე „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს - მან არჩევნებამდე დაასრულა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება (საქართველოს უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება). ასევე ნახეთ ვინ არის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უზენაეს სასამართლოში წინმსწრებად ამტკიცებს პარლამენტმა 2019, 2021 და 2024 წლებში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეები რამდენიმე ეტაპად დაამტკიცა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - სამი. ასევე ნახეთ ბოლო თავისუფალი სკამი უზენაეს სასამართლოში - მსურველები, მათი განცხადებები და კარიერა ...