გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ემყარება უკრაინის ორი მაღალი რანგის ანონიმი სამხედროს მონათხრობს. მათი თქმით, რუსეთის კურსკის ოლქში იერიშის იდეა პირველმა წამოაყენა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ეს აზრი პირველად გამოთქვა მიმდინარე წლის დამდეგს და მაშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მას შეეწინააღმდეგა, რომ ოპერაციის გეგმაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ „ცხადი არ არის მეორე ნაბიჯი“, წერს Politico. ზალუჟნიმ 8 მარტს დატოვა მთავარსარდლის თანამდებობა და ის დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა. ამ ოპერაციის მოწინააღმდეგეთა შორის Politico-ს წყაროებმა დაასახელეს ასევე მე-80 სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მეთაური ემილ იშკულოვი. ის ივლისში მოხსნეს ამ თანამდებობიდან, რამაც ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობის ღია პროტესტი გამოიწვია. ზალუჟნისა და იშკულოვს კომენტარი არ გაუკეთებიათ Politico-ს პუბლიკაციაზე. სტატიაში არაა ნახსენები, სთხოვეს თუ არა მათ კომენტარი. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ის ვერსია, რომელზეც საუბარია Politico-ს პუბლიკაციაში, განსხვავდება კურსკის ოლქში ოპერაციისთვის მზადების თაობაზე მედიაში გავრცელებული სხვა ვერსიებისგან. მათში მთავარი როლი ეკისრება მთავარსარდალ ოლექსი სირსკის. იტყობინებიან, რომ ჩანაფიქრი მას ეკუთვნის და მას უკანასკნელ მომენტამდე საიდუმლოდ ინახავდნენ ვიწრო წრეში. როგორც მედია წერდა, სირსკი გეგმის თაობაზე ზელენსკის მხოლოდ ერთი ერთზე ესაუბრებოდა პირისპირ. Politico-ს პუბლიკაციაში სირსკი მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები. ...