უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის გადარჩენას, - განაცხადა სამშაბათს კიშინიოვში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციაზე, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების საქმეებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. „ყველაფერი, რასაც ჩვენ უკრაინის მხარდაჭერისთვის ვაკეთებთ, მოლდოვის ირგვლივ სიტუაციის სტაბილიზაციისათვის ხელშეწყობასაც ნიშნავს“, - განაცხადა ბერბოკმა. გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად აღელვებთ ის, რომ, თუ უკრაინა დაეცემა, „ჯერი შემდგომში მოლდოვაზე მიდგება“. ანალენა ბერბოკი მოლდოვას ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთის, რუმინეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ეწვია. ექვსი ევროპული ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატები კიშინიოვში „მოლდოვის პარტნიორობის პლატფორმის“ მონაწილეთა თანამშრომლობის ფარგლებში ჩავიდნენ. აღნიშნული პლატფორმის შექმნას 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გერმანიამ ჩაუყარა საფუძველი. ერთობლივი პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოლდოვის ეკონომიკის სტაბილიზაციას და დაიცვას ქვეყანა რუსული დეზინფორმაციისგან. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი კიშინიოვში ლეგიტიმური მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. კონფერენციაზე მაია სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვა კვლავ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. "რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ პირველივე დღიდანვე დავგმეთ, დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას", - განაცხადა სანდუმ და დასძინა, რომ ომით გამოწვეული არასტაბილურობა ხელს შეუშლის მოლდოვის განვითარებას მანამდე, სანამ ომი გაგრძელდება. პლატფორმის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც მოლდოვისათვის 300 მილიონ ევროზე მეტი (334 მილიონი დოლარი) სესხისა და 80 მილიონი ევროს მოცულობის გრანტების გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე ნახეთ მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ოქტომბრისთვის ემზადება - რატომ აქებს დასავლეთი კიშინიოვს და აკრიტიკებს თბილისს? ასევე ნახეთ იგორ დოდონი მოლდოვაში "მეორე ფრონტის" გახსნასა და საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე ალაპარაკდა ...